“მოვითხოვთ დავით ბეჟუაშვილისგან, ქონების დაბრუნებას და საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას”
სააქციო საზოგადოება „ავტოგაზის“ ყოფილი აქციონერები საქართველოს პროკურატურაში ახლად შექმნილი სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტისგან და მისი უფროსისგან მათი საქმის განხილვის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვენ.
2012 წლის მიწურულიდან გაჭიანურებული საქმის სამართლიანი გამოძიებისა და საკუთარი უფლებების აღდგენის იმედი დაზარალებულ ბიზნესმენებს მთავრობის ახალი ინიცატივის შემდეგ გაუჩნდათ.
როგორც კომპანიის ყოფილი დირექტორი გიორგი ღოღობერიძე აცხადებს, „დავით ბეჟუაშვილმა მრავალწლიანი ბრძოლა კომპანიის წინააღმდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მეშვეობით დაასრულა და კომპანია, რომლის აღმშენებლობასა და განვითარებაში კოლოსალური ენერგია და რესურსი ჩადეს, წაართვა“.
ერთ-ერთი აქციონერის თენგიზ მაჭავარიანის განცხადებით კი, ისინი სააქციო საზოგადოება „ავტოგაზის“ საქმის სასწრაფოდ გამოძიებას და კუთვნილი ქონების დაბრუნებას მოითხოვენ.
„ისინი, ვის წინააღმდეგაც აქტიური საგამოძიებო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს, მაღალი რანგის ჩინოვნიკებთან საქმეების „დალაგებაზე“ და დაუსჯელობაზე ხმამაღლა საუბრობენ. ისინი ავრცელებენ ხმებს, რომ დავით ბეჟუაშვილმა თავად ბიძინა ივანიშვილთან მიაღწია შეთანხმებას“, – აცხადებს სააქციო საზოგადოება „ავტოგაზის“ დამცველი, „ადვოკატთა ალიანსის“ ადვოკატი იოსებ ხარატიშვილი.
სააქციო საზოგადოება „ავტოგაზის“ აქციონერებს კომპანიის 50% წილის დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის სასარგებლოდ, 2006 წელს, ზეწოლის შედეგად დაათმობინეს – კომპანიის ორი აქციონერი აბსურდული ბრალდებებით დააპატიმრეს და საპროცესო შეთანხმება მათთან მხოლოდ მას შემდეგ გააფორმეს, რაც კომპანიის მფლობელები 50%-იანი წილის დათმობაზე დაითანხმეს. მოგვიანებით კი დარჩენილი ქონება საბაზრო ღირებულების 15 პროცენტად სრულად წაართვეს. ყოფილი აქციონერების თქმით, პროცესებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი, მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, ფინანსური პოლიციის მაშინდელი უფროსი დავით კეზერაშვილი, კახეთის მაშინდელი გუბერნატორი პეტრე ცისკარიშვილი და მათი ქვეშევრდომები იყვნენ ჩართულნი.