დავით კირკიტაძე საქართველოში დაბრუნდა

პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში დავით კირკიტაძე ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში დაბრუნდა.
როგორც ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, გამოძიების კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩამოვიდა.
„ჩამოვედი საქართველოში, რათა საზოგადოებაში დასმულ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი. ეს გადავწყვიტე, გავაკეთო აქედან, საქართველოდან და არა დისტანციურად ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ასევე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ კონკრეტული საქმის შემთხვევაშიც, ყველა დარწმუნდება საქართველოში, რომ საქმე გვაქვს უუნარო, არაკომპეტენტურ ხელისუფლებასთან, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიჰყავს უფსკრულისაკენ“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ქვემო ქართლის ყოფილ რწმუნებულს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – 10 ათასი ლარი შეეფარდა. პროკურატურა კი კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულ-გუბერნატორი დავით კირკიტაძე.
გამოძიების ინფორმაციით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეცტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების, შპს “ავტოჰაუს-რუსთავი2011″- ისა და შპს “ტიტანი 2011″-ის სასარგებლოდ, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელმწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები