გაგი მოსიაშვილი: გამოძიებისთვის უკვე ცნობილია, ვის ეკუთვნის მეორე დნმ-ი
ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განაცხადებით, გამოძიებისთვის უკვე ცნობილია, თუ ვის ეკუთვნის მეორე დნმ-ი, რომელიც იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილზე აღმოჩნდა.
როგორც ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა “პალიტრა TV”-ის გადაცემა “რეზიუმეში” საუბრისას აღნიშნა, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და, შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მისი თქმით, გამოძიების ეტაპზე ბევრი დეტალია გამოკვეთილი, რომელიც მხოლოდ ერთი მიზნისკენ არის მიმართული, რომ სხვა პირთა გამოვლენა მოხდეს.
„დაზარალებულის ადვოკატები ვსაუბრობთ იმას, რომ საქმეში მხოლოდ დაკავებული სოსანაშვილი არ არის. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ არიან სხვა დამკვეთები ამ საქმეში. გიდასტურებთ, რომ ბევრი დეტალია გამოძიების ეტაპზე გამოკვეთილი, რომელიც მხოლოდ ერთი მიზნისკენ არის მიმართული, რომ სხვა პირთა გამოვლენა მოხდეს. ის, რომ სხვა დნმ-ი აღმოჩნდა, არ ნიშნავს, რომ სხვა პირი არის კიდევ დამნაშავე. არც სოსანაშვილის შემთხვევაში არ ყოფილა დნმ-ის აღმოჩენა ერთადერთი მტკიცებულება. ვერ გეტყვით, ვისია სხვა პირის დნმ, თუმცა გეტყვით იმას, რომ გამოძიებისთვის უკვე ცნობილია, თუ ვის ეკუთვნის აღმოჩენილი დნმ”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.