ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აბიტურიენტებისთვის „ღია კარის“ დღე გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აბიტურიენტებისთვის „ღია კარის“ დღე გაიმართა. ახალგაზრდებს აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გეგეჭკორმა უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აკადემიის ხელმძღვანელობამ აბიტურიენტებს საბაკალავრო სკოლაში მიღების პირობები გააცნო და არსებული საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
მომავალმა სტუდენტებმა უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში სწავლის უპირატესობასა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზეც მიიღეს ინფორმაცია.
მოგვიანებით, აბიტურიენტებს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დათვალიერებისა და საცხოვრებელი პირობების გაცნობის საშუალებაც მიეცათ. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება 31 მარტიდან 19 ივნისის ჩათვლით იწარმოებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტები გაივლიან აკადემიის შიდა ტურებს: სამედიცინო შემოწმება, გასაუბრება და ფიზიკური მომზადება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარდება შემდეგი საგნები – ქართული ენა, ზოგადი უნარები, უცხო ენა და მათემატიკა.
2014-2015 აკადემიური წლისთვის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიღება ხორციელდება მენეჯმენტისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამებზე. იუნკერები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საცხოვრებელი ადგილით, კვებით, ფორმითა და სამედიცინო მომსახურებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. აკადემიის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული ბაკალავრის ხარისხსა და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას იღებს. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები