ბავშვთა საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში – ქარტია მონიტორინგის ახალ ეტაპს იწყებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს. პროექტი ქართულ მედიაში ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების მონიტორინგს გულისხმობს და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: მედიის მონიტორინგი, სემინარები ჟურნალისტებისათვის საქართველოს რეგიონებში (ბათუმი, გორი, თელავი), ბავშვთა საკითხებზე მომზადებული სიღრმისეული ნამუშევრების გამოვლენა და ადვოკატირება მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოებში ბავშვთა საკითხებზე შესული განცხადებების განხილვის გააქტიურება.
ქარტიის ინფორმაციით, მონიტორინგის მიზანი, ელექტრონულ, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა და ბავშვთა აღიარებულ უფლებებთან, ეთიკურ ნორმებსა და პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზია.
ქარტიის მონიტორებმა დაკვირვება დაიწყეს 2015 წლის 1-ლი მარტიდან. მონიტორინგის გაგრძელდება 2015 წლის 30 სექტემბრამდე. მონიტორები შეისწავლიან როგორც სიუჟეტებსა და სტატიებს, ისე მოკლე ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეხება ბავშვებს. მონიტორინგის შედეგების შესახებ მომზადდება ორი ანგარიში, შუალედური ანგარიში გამოქვეყნდება ივნისში და ის მოიცავ პროექტის პირველ ნაწილს, ხოლო საბოლოო ანგარიშს ქარტია საზოგადოებას წარუდგენს ოქტომბერში. მედია მონიტორინგის პროცესში გამოვლინდება საუკეთესო ნამუშევრები და მოხდება ავტორთა დაჯილდოება. პროექტის განმავლობაში გაიმართება სემინარები რეგიონებში მოღვაწე ჟურნალისტებისათვის და მიიღება განაცხადები მონაწილეობის მსურველთათვის.
ბათუმში გამართულ სემინარში მონაწილეობას მიიღებენ აჭარასა და დასავლეთ საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები, გორში დაგეგმილი ტრენინგი გამიზნულია როგორც უშუალოდ ქალაქში, ისე შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მომუშავე მედიის წარმომადგენლებისათვის, ხოლო თელავის სემინარი მოიცავს კახეთის მასშტაბით დასაქმებულ ჟურნალისტებს. წლის ბოლოს ტრადიციულად მოხდება იუნისეფის და ქარტიის ერთობლივი სპეციალური პრიზის გადაცემა ბავშვთა საკითხების სიღრმისეული გაშუქებისთვის. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 2013-2014 წლებში გაეროს ბავშვთა ფონდთის მხარდაჭერით ორი მსგავსი პროექტი განახორციელა. ქარტიის ინფორმაციითვე, ჩატარებული მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ ბავშვთა საკითხების გაშუქებისას, მედია, განსაკუთრებით ახალ ამბებში, ძირითადად, ცდილობს, დაიცვას ბავშვთა უფლებები და ეთიკური ნორმები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები