ქუთაისი–ბენარას საავტომობილო გზის 4,5კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2015 წლის პირველ ეტაპზე დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქუთაისი–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარას საავტომობილო გზის 4,5კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ განახორციელეს.
სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის, ქუთაისი–ბენარას საავტომობილო გზაზე, არსებული სარწყავი არხების გაწმენდა, მილების, კიუვეტების და ავტოპავილიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 4,5 კმ-იან მონაკვეთზე დაგეგმილია გზის საფარის განახლება, გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობა, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების, ასევე საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის სამუშაოები. სამუშაოებზე 50–მდე ადამიანია დასაქმებული.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს. „ქუთაისი–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარას საავტომობილო გზის 4.5 მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის განხორციელების შედეგად, 4 სოფლის მოსახლეობას აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მიმოსვლა მნიშვნელოვნად გაუადვილდება“, – აცხადებენ უწყებაში.