გიორგი მღებრიშვილი: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მართვის არანაირი პრობლემა არ მაქვს
ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმას, რომ მე რამის მართვა მიჭირს, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. როგორც მღებრიშვილმა “იმედის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას აღნიშნა, დღეს დეპარტამენტი უშუალოდ მის დაქვემდებარებაშია და არასწორია იმაზე საუბარი, თითქოს მას მართვა უჭირს.
“ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმას, რომ მე რამის მართვა მიჭირს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი უშუალოდ ჩემს დაქვემდებარებაშია. 100%-იან ინფორმაციას ვფლობ და თანამშრომლობის რეჟიმში ვართ.
ერთ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. ჩემი დანიშვნის შემდეგ როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ასევე დაწესებულებებში, ხელმძღვანელობის დაახლოებით 95% შევცვალე. აქედან გამომდინარე, დასკვნების გამოტანა საზოგადოებისთვის მიმინდია. რეფორმის მიზეზები არის ის, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი დღემდე გაურკვეველი რეგულაციებით ხელმძღვანელობდა. იყო მოძველებული სისტემა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებდა. დეტალურმა ანალიზმა ცხადყო, რომ სისტემა შველას საჭიროებდა და ამ რეფორმის განხორციელებით ჩვენ თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე გადავდივართ. გარწმუნებთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მართვის არანაირი პრობლემა არ მაქვს”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
სასჯელაღსრულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი გაუქმდება და მის ნაცვლად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, პენიტენციური დეპარტამენტი ჩამოყალიბდება. ასევე გაუქმდება ე.წ. უდოს კომისია და მის ნაცვლად პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას ადგილობრივი საბჭოები მიიღებენ.