აუდიტის სამსახურის საჩივრის საფუძველზე რამდენიმე პარტია და „ქართული ოცნების“ დამფინანსებელი ორი იურიდიული პირი დაჯარიმდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ რამდენიმე პარტია და „ქართული ოცნების“ დამფინანსებელი ორი იურიდიული პირი დააჯარიმა,- ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
პარტიათა დაფინანსების მიზეზი მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობა, ხოლო იურიდიული პირების დაჯარიმების მიზეზი მათ მიერ კანონდარღვევით დაფინანსება დასახელდა.
როგორც თორდიამ განმარტა, იმ კომპანიების დამფუძნებლები, რომელი კომპანიებიდანაც თანხა „ქართულ ოცნებას“ გადაერიცხა, საქართველოს მოქალაქეები არ აღმოჩნდნენ.
„2014 წელს პარტია „საქართველოს გზა“ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობისთვის დაჯარიმდა. დაჯარიმდა ასევე „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ 2 000 ლარით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 5 000 ლარით. დაჯარიმებული იქნა ასევე 2 იურიდიული პირი, რომლებმაც შემოწირულობა განახორციელეს „ქართული ოცნების“ მიმართ.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით კომპანიის დამფუძნებლები უნდა იყვნენ საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირები, ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ 2 რუსეთის მოქალაქე იყო. შესაბამისად, შპს „ჯეოსპილპრომი“ და შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ 40 000-40 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. ორივე იურიდიულმა პირმა 20 000 -20 000 ლარის შემოწირულობა განახორციელა, კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ ორმაგი ოდენობის დაჯარიმების მოთხოვნით უნდა მივმართოთ სასამართლოს. ესენი ქართული კომპანიებია, თუმცა დამფუძნებლები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. მათ მიერ „ქართულ ოცნებაში“ გადარიცხული თანხა კი ამ კომპანიებს უკან დაუბრუნდათ“,- აღნიშნა ლაშა თორდიამ.