როდის განახლდება სატრანსპორტო მოძრაობა ელბაქიძის დაღმართზე? – ხვალიდან მნიშვნელოვანი სამუშაოები იწყება
თბილისში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, ყოფილი ელბაქიძის დაღმართის გზის სავალ ნაწილზე სამუშაოები, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებში დასრულდება, სამუშაოების დასრულებისთანავე კი სატრანსპორტო მოძრაობა ორმხრივად აღდგება. ამის შესახებ „კვირას“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს. მათივე განმარტებით, ჯავახიშვილის ქუჩაზე ხვალიდან საფუძვლის ზედა ფენის მოწყობა დაიწყება.
როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, სამუშაო პროცესში რამდენიმე გაუთვალისწინებელმა გარემოებამ იჩინა თავი. „ჯავახიშვილის ქუჩაზე ხვალიდან დაიწყება საფუძვლის ზედა ფენის მოწყობა. შემდეგ კი ასფალტის საფარის 2 ფენა დაიგება. მათ შორის ზედა ფენა, თბილისში პირველად მოდიფიცირებული ასფალტით მოეწყობა. ჩვეულებრივ ასფალტთან შედარებით, მოდიფიცირებული ასფალტი ზამთარში ბზარების, ზაფხულში კი ტალღების მიმართ უფრო მდგრადია. წვიმიან ამინდში მას უკეთესი მოჭიდება აქვს, ვიდრე ქვაფენილს და გადაადგილებისათვის უფრო უსაფრთხოა. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, ძირითადად, მოდიფიცირებული ასფალტის საფარი იგება. რაც შეეხება სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენას, ჯავახიშვილის ქუჩაზე, მომხდარი შემთხვევის გამო, სამუშაოები ფორსმაჟორის წესით დაიწყო. შესაბამისად, პროექტირება და თავად სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს. ამიტომ, სამუშაო პროცესში რამდენიმე გაუთვალისწინებელმა გარემოებამ იჩინა თავი. ჯავახიშვილის ქუჩაზე სავალ ნაწილზე სამუშაოები, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებში დასრულდება. სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა ორმხრივად აღდგება“, – აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.
ამასთან, დაახლოებით ერთი თვის წინ საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, გოჩა ბაბუნაშვილმა განაცხადა, რომ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შესაძლოა, 10 დღეში ცალმხრივად გახსნილიყო, თუმცა როგორც მერიაში განმარტავენ, მუშაობის პროცესში აღმოჩნდა, რომ საჭირო იყო დრენაჟირება და სხვა დამატებითი სამუშაოები მოპირდაპირე მხარეს, სადაც შესაძლებელი იყო მოძრაობის ცალმხრივად გახსნა. შესაბამისად, მოძრაობის ცალმხრივად გახსნა ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, აღნიშნულ გზაზე მიმდინარე სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება უწყდებოდა. დედაქალაქის მერიის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ ადგილზე წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს აწარმოებდა, რაც დასრულდა. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას.
„ეს გამოწვეული იყო სამუშაოებით, რომელსაც ადგილზე წყალმომარაგების კომპანია აწარმოებდა. სამუშაოები დასრულებულია, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას“, – აცხადებენ მერიაში. რაც შეეხება მიხეილ ჯავახიშვილის სახლის შემოწმებას იმისთვის, რომ ხომ არ იყო სახლის სასწრაფო შეკეთება საჭირო, თბილისის მთავრობაში განაცხადეს, რომ შენობის გამოკვლევა უკვე დასრულებულია. მათივე განცხადებით, დასკვნა აჩვენებს, რომ სახლი არ საჭიროებს სასწრაფო შეკეთებას და ამ ეტაპზე სარებილიტაციო სამუშაოები არ იგეგმება.
„უკვე დასრულებულია აღნიშნული შენობის გამოკვლევა. დასკვნის შედეგად, სახლი არ საჭიროებს სასწრაფო შეკეთებას. შესაბამისად, ამ ეტაპზე სარებილიტაციო სამუშაოები არ იგეგმება“, – განმარტეს დედაქალაქის მერიაში.