წულუკიანი: რიგის სამიტზე სახელმწიფოები იტყვიან, რომ საქართველომ ტექნიკური დავალებები წარმატებით შეასრულა
საშინაო დავალებები, რომლებიც მოგვცეს ბრიუსელიდან, წარმატებით შესრულდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ევროსტრუქტურები და ევროკავშირის ინდივიდუალური სახელმწიფოები იტყვიან, რომ საქართველომ ტექნიკური დავალებები წარმატებით შეასრულა.
მისი აზრით, ამის წინაპირობა ქართული მხარის მიერ შესრულებული სამუშაოებია.
“ტექნიკური დავალებები წარმატებით შესრულდა და გზა გაიხსნა, რომ შემდგომ უკვე საქართველომ ძალიან მალე მიიღოს უვიზო რეჟიმი. მთავარია, რომ მოლოდინი გაგვიმართლდეს და სამიტზე თქვან, რაც არის რეალობა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ საკანონმდებლო და ტექნიკურ დონეზე. ის შეფასების მისიები, რომლებიც ახლახან წავიდნენ და დასკვნებს შეადგენენ. უნდა აღინიშნოს რიგის სამიტზე, რომ ეს დასკვნები დადებითი იქნება. ამის მოლოდინი მაქვს მე”, – აცხადებს წულუკიანი.