ყოფილი “სახალხო ბანკის” ადვოკატი გიორგი ქადაგიძეზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს

ყოფილი “სახალხო ბანკის” ადვოკატი დავით ერისთავი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძeს 2008 წელს ზეწოლის შედეგად აქციონერებისთვის წილის წართმევაში ადანაშაულებს.
ერისთავი ქადაგიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროკურატურაში საქმის ძიება მიმდინარეობს და, ადვოკატიის ინფორმაციით, აქციონერები პროკურატურამ ამ საქმეში დაზარალებულად ცნო.
“2008 წელს, როდესაც საქართველოს ფინანსური მონიტორინგისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა გიორგი ქადაგიძე, სწორედ მისი უშუალო ზეწოლით მოხდა აქციონერებისთვის წილის წართმევა და შპს “ევრო ოილისთვის” მიყიდვა. ქადაგიძემ დაიბარა აქციონერები და მათგან მოითხოვა, რომ წილი დაეთმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად დაათმობინებდა. ამის შემდეგ, აქციონერები იძულებულები გახდნენ, ეს წილი დაეთმოთ და გადაეფორმებინათ შპს “ევრო ოილისთვის”. ამ ყველაფერს ადასტურებს ბევრი მტკიცებულება”, – განაცხადა ერისთავმა.
მისივე თქმით, ქადაგიძეს და მის სამსახურს უშუალოდ ევალებოდა დაინტერესებულიყო “ევრო ოილის” თანხებით, თუმცა ეს არ გააკეთა, რადგან ის და მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთობლივად მოქმედებდნენ.
“ეს ლოგიკურიცაა, რადგან ეს კომპანია იყო ვანო მერაბიშვილთან დაახლოებული კომპანიების, მათ შორის “ნიუ ენერჯი”. ამ კომპანიიდანაც ირიცხებოდა “ევრო ოილ”-ში „შავი ფული“. ასევე კორუფციული გზით ირიცხებოდა ამ კომპანიაში თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მათ შორის დევნილებისთვის თუ სხვა სოციალური მნიშვნელობის თანხები. სწორედ დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის განსაზღვრული თანხებით მოხდა ბანკის შეძენა. ქადაგიძეს უშუალოდ ევალებოდა, დაინტერესებულიყო, მიმართული იყო თუ არა ამ კომპანიაში „შავი ფული“, თუმცა ეს არ გააკეთა, რადგან ქადაგიძე და მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთობლივად მოქმედებდნენ. ფიქტიურად ჰქონდათ შექმნილი ეს კომპანია”, – განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, “სახალხო ბანკი” უნდა ეყიდა ბრიტანეთში ერთ-ერთ კომპანიას, თუმცა ეს ისევ ქადაგიძის ჩარევის შედეგად ვერ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები