ნიკა მელია დავით ნარმანიას უუნარობაში ადანაშაულებს
ფრაქცია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია თბილისის მთავრობის სასწრაფოდ დათხოვნას მოითხოვს.
მისი თქმით, თბილისის მერი დავით ნარმანია ჟურნალისტების კითხვებს პასუხების არარსებობის გამო გაურბის და არ რეაგირებს მერიასა და გამგეობებში განვითარებულ მოვლენებზე.
ნიკა მელიას თბილისის მთავრობა ქალაქისთვის შეურაცხმყოფელსა და უუნაროს უწოდებს და ნარმანიასგან მთავრობის დათხოვნასა და მეტად კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას მოითხოვს.
„ბატონ ნარმანიას უკვე კითხვებზე პასუხის გაცემაც კი უჭირს, ჟურნალისტებს სათადარიგო კარებიდან ეპარება და ბატონი მარგიშვილიც ასე გააპარა თანამდებობიდან.
საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე არის დაკავებული და, ამავე დროს, საბურთალოს გამგებელი შვებულებაში გადის, ნაცვლად იმისა, რომ სიტუაციაში ერკვეოდეს.
სახეზეა სერიოზული კრიზისი დედაქალაქის მთავრობაში. მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი დარჩა, დედაქალაქის ეს შეურაცხმყოფელი და უუნარო შემადგენლობა დაუყონებლივ უნდა გადადგეს და ბატონმა ნარმანიამ უნდა დააკომპლექტოს იგი ახალი, გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.