ირაკლი აბესაძე დედაქალაქის მთავრობის გადადგომას მოითხოვს

მთავრობამ ვერ შეძლო დედაქალაქში არსებული ვერც ერთი პრობლემის მოგვარება, ქალაქში არსებული ორმოებიც კი ვერ ამოავსეს. მათ მხოლოდ საკუთარი ნათესავებისა და მეგობრების დასაქმება შეძლეს – ამის შესახებ თბილსის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა დედაქალაქში ვერცერთ პრობლემას ვერ გაუმკლავდა, თბილისი მერს, დავით ნარმანიას მთავრობის სრული შემადგენლობის დათხოვნა და ახალი კვალიფიციური კადრების მოძებნა მოუწევს და დასძენს, რომ ახალი კადრები ჯანსაღი კონკურსის შედეგად უნდა მოიძიოს და არა საკუთარ ნათესავ-მეგობრებში.
„გასული ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვცდილობდით, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის გამოგვეყენებინა და დავით ნარმანიას მთავრობისთვის მიგვეწოდებინა, გაგვეზიარებინა, თუმცა მათ ვერ შეძლეს ვერც ერთი პრობლემის მოგვარება, ვერც ერთი სიახლის შეთავაზება დედაქალაქისთვის. ერთადერთი, რაც წარმატებით გააკეთეს მათ, ეს არის საკუთარი ნათესავებისა და მეგობრების დასაქმება. ასე რომ, მხოლოდ და მხოლოდ მარგიშვილის ჩანაცვლება ივანიშვილის კადრით, ქუმსიშვილით ვერაფერს შეცვლის და ვერც სასიკეთოს ვერაფერს მოუტანს დედაქალაქის მთავრობას და რაც მთავარია, თბილისელებს. ამიტომ დაჟინებით მოვითხოვთ, გადადგეს თბილისის ეს უუნარო მთავრობა, რომელმაც ექვსი თვის განმავლობაში, უბრალოდ, ორმოების ამოვსებაც კი ვერ შეძლო დედაქალაქში. ნარმანიას მოუწევს მთლიანად მთავრობას გამოემშვიდობოს და ახალი კვალიფიციური კადრები მოძებნოს არა თავის ნათესავებსა და მეგობრებში, არამედ ჯანსაღი კონკურსის შედეგად“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები