მაია ცქიტიშვილი ანა ონიშჩენკოს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს ანა ონიშჩენკოს შეხვდა. როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, საუბარი შეეხო საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და ამ კუთხით გამოცდილების გაზიარებას.
“გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა. ჩემი უკრაინელი კოლეგა საქართველოში ჩამოსულია, რომ გავუზიაროთ გამოცდილება, მეორე მხრივ, ჩვენც გავიგოთ, რა მიმართულებებით მუშაობენ უკრაინელი კოლეგები. ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. მოგეხსენებათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი ცვლილება განვახორციელეთ როგორც ადმინისტრაციაში, ისე მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურებში. ვფიქრობ, საინტერესოა ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, გაიგონ, რა შევცვალეთ და რა ცვლილებებია აუცილებელი ევროინტეგრაციის გზაზე. იცით, რომ ჩვენ უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე განმარტებით, უკრაინელ კოლეგას შესთავაზა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობა. ცქიტიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს თანამშრომლობა აქტიური იქნება.