საქართველოში გერმანიის ბუნდესვერის წარმომადგენლები იმყოფებიან

საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის „შიდა მართვის“ სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. დელეგაციის წევრებმა, საზღვაო ფლოტის კაპიტან მარტინ პიშოტის ხელმძღვანელობით, თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის სემინარი „შეიარაღებული ძალები დემოკრატიაში“ გამართეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სემინარის ფარგლებში გერმანულმა მხარემ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს გერმანიის შეიარაღებული ძალების შექმნის ისტორია გააცნეს და ბუნდესვერის სტრუქტურისა და სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჯარისკაცის უფლება-მოვალეობებს, სამხედრო ომბუდსმენის არსებობის მნიშვნელობას და მის ფუნქციებს.
სემინარზე ბუნდესვერის წარმომადგენლებმა ყურადღება ჯარში საპარლამენტო კონტროლსა და განათლების დონის ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. ერთ-ერთი თემა ბუნდესვერის კონსტიტუციურ სამართლებრივი სტატუსი იყო.
სემინარი საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები