ავღანეთში ქართულმა კონტინგენტმა სამოქმედო რაიონში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა (ვიდეო)

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა ქართულმა კონტინგენტმა სამოქმედო რაიონში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა. მეხუთე ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედროებმა სოფელ მუსა ბალას მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს. 51-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია ოპერაციაში პირადად იყო ჩართული. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ბოლოს, ქართული ბატალიონის მეთაური ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ესაუბრა.
ჰუმანიტარული ოპერაცია ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან და ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა. მსგავსი სახის ოპერაციები ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობასა და კოალიციურ ძალებს შორის დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები