მიხეილ გიორგაძე: სასამართლომ სამინისტროს დაავალა ის, რაც უკვე შესრულებული აქვს
საყდრისთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოთხოვნა სტატუსის გადახედვასთან დაკავშირებით, სამინისტრომ უკვე შეასრულა.
მინისტრი ვერ აკონკრეტებს, როგორი იქნება შემდეგი მოქმედებები. ის ჯერ სასამართლოდან განჩინების ჩაბარებას ელოდება. „გადაწყვეტილება ოდნავ კაზუსურია, რადგან სასამართლომ სამინსტროს დაავალა იმის გაკეთება, რაც სამინიტროს ფაქტობრივად უკვე გაკეთებული აქვს. სიმართლე გითხრათ, სამართლებრივად რა შემდეგი მოქმედებები უნდა მოყვეს ამას, ჯერ მიჭირს ამის თქმა. როდესაც სასამართლოდან მივიღებთ წერილობითი განჩინების საბოლოო ტექსტს, მაშინ ჩამოვყალიბდებით“,- აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
სააპელაციო სასამართლომ გუშინ საყდრისთან დაკავშირებით მთავრობისა და კულტურის სამინისტროს საჩივარი არ დააკმაყოფილა. ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც კულტურის სამინისტროს საყდრისი-ყაჩაღიანისთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილების გადახედვა დაევალა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა ის დადგენილება, რომლის მიხედვითაც საყდრისი-ყაჩაღიანს ძეგლის სტატუსი შეუწყდა.