“ქვეყანაში შემოსული უცხოელების უკან დაბრუნება კონკრეტული დარღვევების გამო ხდება”
საქართველოს შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქვეყანაში შემოსული უცხოელების უკან დაბრუნება კონკრეტული დარღვევების გამო ხდება. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს სავიზო რეგულაციების გამო უცხოელების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. “სხვადასხვა დარღვევები არის, აქედან გამომდინარე, ხდება მათი უკან დაბრუნება. ბევრი ჩამოდის ისე, რომ საბუთი არ აქვს შესაბამის მდგომარეობაში. იყო შემთხვევა, პირს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომელ ქვეყანაში იყო ჩამოსული, ამ პიროვნებას არც შესაბამისი საბუთები ჰქონდა და, შესაბამისად, ის ქვეყნიდან უკან გააბრუნეს”, – განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, ხშირად არის, რომ კონკრეტული ქვეყნების ელჩები და წარმომადგენლები ასეთ შემთხვევებზე გამოთქვამენ პრეტენზიებს. “ჩვენ მათ ვუხსნით, ისინი პასუხებით კმაყოფილდებიან და მიდიან”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.