საქართველო სმენაზე ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა

საქართველო სმენაზე ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა. როგორც სმენადაქვეითებულთა პრობლემებზე მომუშავე ფონდ “აურე”-ს დირექტორმა ეკა თორთლაძემ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. თორთლაძემ ყურადღება სმენის დაქვეითების საფრთხეზე გაამახვილა. მისი თქმით, ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი რამ არის, რამაც შესაძლოა, სმენა დააზიანოს, მათ შორის კი დიდ საფრთხეს მუსიკის ძალიან მაღალ ხმაზე მოსმენაზე ქმნის.
„აურე“-ს წარმომადგენელმა სმენადაქვეითებულთა პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია ყველა ახალშობილის სკრინინგი, რომ თუ ბავშვი სმენის პრობლემით დაიბადება, მისი აღმოჩენა თავიდანვე მოხდეს. თორთლაძემ სმენადაქვეითებულთა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ხელისუფლებას მეტი ჩართულობისა და დახმარებისკენ მოუწოდა.
„წელს პირველად სმენაზე ზრუნვის საერთაშორისო დღეს საქართველოც შეუერთდა. ჩვენი ორგანიზაცია საზოგადოებას შეახსენებს, თუ რამდენად ბევრი რამ აზიანებს სმენას. ხმამაღალი მუსიკა ანგრევს სმენას. გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას და ხელისუფლებას, რომ თუ სმენადაქვეითებულ ბავშვს სათანადო ხელშეწყობა ექნება, ყველაფერი შეუძლია. მსოფლიოში 1000 -დან 2 ახალაშობილი სმენის პრობლემით იბადება. ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს სერვისების ჩამოყალიბება სამედიციონო მომსახურების და განათლების კუთხით, რათა ისინი რეალიზებულები იყვნენ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, „თბილისი მოლში“ ცოცხალი მუსიკით პერფორმანსი გაიმართება. შესრულდება კლასიკური მუსიკა, მონაწილეობას მიიღებს ჯგუფი „აპოლო“. დღესვე მეტროსადგურებთან – „რუსთაველი“ , „ახმეტელის თეატრი“ და „ვარკეთილი“ საინფორმაციო ფლაერები დარიგდება. დადიანის 10 ნომერში კი გამოფენა გაიმართება. ჩვენ ასევე 4 მარტს სმენის პრობლემების მქონე ბავშვთა მშობლების კონფერენციას ვგეგმავთ, სადაც სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლები უცხოელი სპეციალისტებიდან რჩევებს მივიღებთ“,- განაცხადა ეკა თორთლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები