თბილისის მერია “საერთაშორისო გამჭვირვალობას” არაკვალიფიციურობაში ადანაშაულებს

თბილისის მერია ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს ეხმაურება. თბილისის მერიის ადმინისტრაცია ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევას არ ეთანხმება და ციფრებში შესწორება შეაქვს. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ნათქვამია, თითქოს-და თბილისის მერიას 1.1. მილიონი ლარი სასტუმროს მომსახურებისთვის დაუხარჯავს. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2013-2014 წლებში თბილისის მერიამ სასტუმროს მომსახურებაზე მხოლოდ 178 ათასი ლარი დახარჯა.
„სამწუხაროდ, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა არ არის კვალიფიციური, ვინაიდან მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამას და არა მერიის მიერ დედაქალაქის სტუმრებისთვის გაწეულ ხარჯს.
შშმ მოზარდების სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში ბავშვები ბორჯომსა და ურეკში სარეაბილიტაციო კურსს გადიან. 2013-2014 წელს ამ პროგრამით ჯამში 6070-მა მოზარდმა ისარგებლა. მიგვაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და გამართლებული პროგრამაა, რომელიც შშმ მოზარდების მხარდასაჭერად ხორციელდება.
ორგანიზაცია საკუთარ კვლევაში საერთოდ არ საუბრობს ამ საკითხზე და საზოგადოებას აწვდის მცდარ ინფორმაციას მერიის მიერ „არაგონივრულად“ დახარჯულ თანხებზე.
რეალურად, ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ ჯამში სტუმრების სასტუმროს მომსახურებისთვის 178 ათასი ლარი დახარჯა.
თბილისის მერია მზად არის, ითანამშრომლოს სამოქალაქო სექტორთან და მიაწოდოს მათთვის საინტერესო ყველა სახის საჯარო ინფორმაცია, თუმცა, ამავდროულად, მოვუწოდებთ როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, ისე ყველა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გამოიჩინონ მეტი ყურადღება და კვალიფიციურობა ამა თუ იმ საკითხის შესწავლისას “ – ნათქვამია მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები