„პროკურატურა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის გადაფარვას გაურკვეველი დეპარტამენტის შექმნით გვთავაზობს“
იმ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რომელშიც ამ მთავრობამ ჩაააგდო ქვეყანა, დღეს პროკურატურა ამ თემის გადაფარვას გაურკვეველი დეპარტამენტის შექმნით გვთავაზობს – ასე აფასებს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნის ფაქტს. თაქთაქიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ოპონენტების დევნითაა დაკავებული და კრიმინალთან საბრძოლველად არაფერს აკეთებს.
“იმ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რომელშიც ამ მთავრობამ ჩააგდო ქვეყანა, დღეს პროკურატურა ამ თემის გადაფარვას გაურკვეველი დეპარტამენტის შექმნით გვთავაზობს, ხელისუფლება ორ წელიწად-ნახევარია არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ებრძოლოს კრიმინალს, დაკავებულია მხოლოდ ოპონენტების დევნით, წახალისებულია დაუსჯელობის სინდრომი“,- განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი იწყებს მუშაობას. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება, გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. ამათგან პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას, როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, რომელიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება.