კახა თარგამაძე: ნემცოვის მკვლელობა პირად ანგარიშსწორებას ჰგავს
შს ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე მოსკოვის ცენტრში მომხდარ ბორის ნემცოვის მკვლელობას ეხმაურება. მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ნემცოვის მკვლელობის პოლიტიკურ ვერსიას გამორიცხავს და მიაჩნია, რომ ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი პირადი ანგარიშსწორების შედეგად მოკლეს.
„ნემცოვის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებიდან არ მოდის. პირიქით, პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. არანორმალური ხელისუფლებაც კი არ დაგეგმავდა ქალაქის ცენტრში, ყველას დასანახად მკვლელობას. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება ამ ფაქტის გამო ძალიან ცუდ დღეშია ჩავარდნილი. ნემცოვი არ იყო იმ დონის ფიგურა, არ ჰყავდა მხარდამჭერების იმხელა არმია, რომ ხელისუფლებისთვის რაიმე ფორმით საშიში ყოფილიყო. ჩემი აზრით, ეს პოლიტიკურ მკვლელობაზე მეტად პირად ანგარიშსწორებას ჰგავს. ამ ამბის ერთადერთი გაგრძელება დანაშაულის დროულად გახსნა და სიმართლის გარკვევა იქნება! ეს, პირველ რიგში, რუსეთის ხელისუფლების ინტერესებში შედის!“ – აცხადებს კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.