სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები საპრეზიდენტო და სახელმწიფო სტიპენდიებს 2 თვე ელოდებიან
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საპრეზიდენტო და სახელმწიფო სტიპენდიები 2 თვეა არ დარიგებულა.
როგორც სტუდენტებმა საუბარში აღნიშნეს, სტიპენდიები არც ერთი კურსის სტუდენტზე არ გაცემულა, რის მიზეზადაც ადმინისტრაცია განათლების სამინისტროდან თანხების დაგვიანებას ასახელებს – ამის შესახებ ინფორმაციას Aris.ge-განათლება ავრცელებს.
როგორც თამარ სანიკიძის უწყებაში განმარტავენ, სტიპენდიებისთვის განკუთვნილი თანხა სამედიცინო უნივერსიტეტს თებერვლის დასაწყისში გადაერიცხა. სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ სტუდენტებზე სტიპენდიების გაცემა, მართლაც, დაგვიანდა.
„თანხები სამინისტრომ დაგვიანებით, 9 თებერვალს დარიცხა. საუბარია 81 000 – ლარზე. მინისტრის №082 ბრძანება მინისტრის მოადგილის, გიორგი შარვაშიძის მიერ არის ხელმოწერილი“,-აღნიშნა ზურაბ ტალახაძემ.
მისივე ინფორმაციით, სტუდენტებს სტიპენდიის თანხა დღეს გადაერიცხათ და ისინი 2 თვის სტიპენდიას ერთად მიიღებენ.