რომელი გადაცემები შეიძლება დაიხუროს „რუსთავი 2“-ზე
2016 წლის საარჩევნო რეჟიმზე გადასვლამდე „რუსთავი 2“ სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ არხი გასართობი გადაცემების პოლიტიკური ტოქშოუებით ჩანაცვლებაზე აქტიურად ფიქრობს.
„როგორც ამბობენ, გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასა და დემნა ჯაფარიძის სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. უფრო სწორად ეს სააკაშვილის მოთხოვნა ყოფილა. სხვათა შორის, ინფორმაცია, რომ „რუსთავი 2“ საკუთარ ფინანსებს ძველებურად დაუფიქრებლად აღარ დახარჯავს, გასართობ გადაცემებზე ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გავრცელდა. მაშინვე ითქვა, რომ, დიდი ალბათობით, „მარაო“ საერთოდ დაიხურებოდა და მასთან ერთად „კომედი შოუც“ გაქრებოდა არხიდან. შესაბამისად, მთელი აქცენტი პოლიტიკურ გადაცემებზე გაკეთდებოდა. მას შემდეგ ერთადერთი, რასაც ცვლილება შეეხო, ეს „მარაოა“, რომლის გადაცემებმაც „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაინაცვლა. მაგრამ მას შემდეგ არჩევნების თემა კიდევ უფრო აქტიური გახდა, ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო.
თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აცხადებენ, რომ ისინი ყოველთვის მზად არიან არჩევნებისთვის, თუნდაც ეს დაუგეგმავი, ანუ ვადამდელი არჩევნები იყოს.
ზურა ჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი: – ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისია, ჩვენ მზად ვართ არჩევნებისთვის… როგორც ჩანს, მათს განწყობას პირდაპირ იზიარებს „რუსთავი 2“-იც. ითქვა, რომ „რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვებების პარალელურად პოლიტიკურ ტოქშოუებს ყოველდღიურად დაამატებს“, – წერს გამოცემა.
მათივე ინფორმაციით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, „არჩევანი გიორგი გაბუნიასთან ერთად“ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გავა, თუ მას, კვირაში ორი დღის გარდა, სხვა, ახალი გადაცემა დაემატება. ტელევიზიის თანამშრომლები ცვლილებებზე ინფორმაციას არ ადასტურებენ. გადაცემა „არჩევანის“ პროდიუსერის განცხადებით, გიორგი გაბუნია ეთერში ისეთივე სიხშირით გამოჩნდება, როგორც აქამდე ჩანდა.
მელაძის მსგავსად, მაია ასათიანიც უარყოფს ნებისმიერ ცვლილებას და აცხადებს, რომ გადაცემების რეიტინგი ისეთივე მაღალია, როგორიც ადრე იყო. თუმცა თავად „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ინფორმაციამ არხზე შემცირებებისა და ხელფასების დაკლების შესახებ მათთანაც მიაღწია. როგორც ამბობენ, ეს არ შეეხებათ პოლიტიკურ თემებზე მომუშავე ჟურნალისტებს.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, გაბუნიას ეთერისთვის ყოველდღიური ხასიათის მიცემა გამორიცხულია.
„არჩევანთან“ დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება, ამაზე მსჯელობა ნამდვილად არ ყოფილა არასდროს. არხზე ახალი პოლიტიკური ტოქშოუს დამატებას ნამდვილად არ გამოვრიცხავ. ბაზარზე მოთხოვნის არსებობიდან გამომდინარე, ვიმსჯელებთ ამაზე, მაგრამ გაბუნიას ეთერისთვის ყოველდღიური ხასიათის მიცემა გამორიცხულია.კონკრეტულად ახალი არაფერია, თუ ბაზარზე საჭირო იქნება, შევატყობთ და მაშინ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით. „მარაოზე“ გარკვეულწილად რეორგანიზაცია უკვე გატარდა, ჩვენ მივყვებით რეიტინგებს და მაყურებლის სურვილებს და ამის მიხედვით ვაკორექტირებთ.„მარაო“ ახალი არხია და იქ კიდევ მოხდება რეორგანიზაცია, სანამ საბოლოო სახეს მიიღებს. რაც შეეხება ჩვენს არხს, გარკვეული პროექტები იხურება, რაც, კიდევ ერთხელ გეტყვით, მაყურებლის მოთხოვნისა და რეიტინგის მიხედვით ხდება, ახალი პროექტები იწყება. ეს მუდმივი პროცესია და არაფერი გასაკვირი არ არის“, – აცხადებს გვარამია.
გარდა ამისა, „პრაიმტაიმი“ წერს, რომ „რუსთავი 2“-ის პარალელურად, როგორც ამბობენ, ცვლილებები იგეგმება „იმედზეც“.
„არ არის გამორიცხული, გადაცემა „რეაქცია“ კვირაში ერთის ნაცვლად ორჯერ გავიდეს, თუმცა ჯერჯერობით ინფორმაციას თავად „იმედში“ არ ადასტურებენ. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ცვლილებების შემთხვევაში ორივე ტელევიზია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან საზოგადოება გაცილებით მეტ ინფორმაციას მიიღებს მთავრობის მუშაობის შესახებ და მიაჩნიათ, კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ გადაცემებში უბრალო მოქალაქეებიც ჩაერთვებიან. ეს, მათი აზრით, კიდევ უფრო მეტად დაეხმარება მთავრობას, გაიგოს მოსახლეობის მოთხოვნები“, – წერს სტატიის ავტორი.