ომარ ნიშნიანიძე დავით საგანელიძეს: იგი წავა და სხვა მოვა

„იგი წავა და სხვა მოვა“ – ამ სიტყვებით ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ლიდერის დავით საგანელიძის უმრავლესობიდან წასვლის საკითხს დეპუტატი უმრავლესობიდან ომარ ნიშნიანიძე.
როგორც ომარ ნიშნიანიძე გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, დავით საგანელიძე სწორად მოიქცა, როცა საპარლამენტო უმრავლესობაში შიდა დაპირისპირებაზე ხმამაღლა და ღიად საუბრობდა, რადგან პრობლემის გამჟღავნების შემდეგ, სათქმელი უკვე ითქვა და მთელი რიგი საკითხებიც მოგვარდა. მისი განცხადებითვე, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საგანელიძე პოლიტიკიდან წასვლაზე საუბრობს და ეს დიდი ტრაგედიაც არ არის.
„იგი წავა და სხვა მოვა. მადლობა ღმერთს, საქართველო მხოლოდ ერთ კაცზე დამოკიდებული არ არის. ადრე თუ გვიან, პოლიტიკიდან ყველა წავალთ“, – აცხადებს ნიშნიანიძე.
ომარ ნიშნიანიძის განცხადებითვე, მისი დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძესთან პიროვნულ ხასიათს არ ატარებს და მის მიმართ პრეტენზიები, გუნდურობის პრინციპის უგულებელყოფის გამოც ჰქონდა.
„დავით საგანელიძე ძალიან ცდება, როცა წინასწარ ამბობს, ვინ იქნება და ვინ – არა ამა თუ იმ რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს ერთი კაცის გადასაწყვეტი არ არის. დავით საგანელიძეს, ისევე როგორც ყველა ჩვენგანს, მხოლოდ საკუთარ თავზე შეუძლია იმის თქმა, რომ ის დეპუტატობისთვის აღარ იბრძოლებს. ვინ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი, ეს მთლიანმა გუნდმა უნდა გადაწყვიტოს. ერთმა კაცმა რომ მოინდომა ამის გადაწყვეტა, ვინ არის ამისთანა, ქრისტე ღმერთია? საგანელიძის მიმართ პრეტენზიები ამ კუთხითაც მქონდა“, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე თანამდებობას ტოვებს და საქართველოს განვითარების ბანკის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები