სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაციამ პოლონეთში შეხვედრები გამართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაცია, ვიცე-პოლკოვნიკ ლევან გაბუნიას ხელმძღვანელობით, ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ქართულ დელეგაციას პოლონეთის სამხედრო ჟანდარმერიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა მიროსლავ როზმუსმა სამხედრო ჟანდარმერიის სათაო ოფისში უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში, ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში ქართველი სამხედრო პოლიციელების ჩართვის საკითხს დაეთმო. ბატალიონის სამუშაო ჯგუფმა სტუმრებს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფის ისტორიის, მიზნებისა და სტრუქტურის, ასევე შესაძლებლობების, განხორციელებული ოპერაციების (მისიები), წვრთნების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
ვიზიტის ფარგლებში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან გაბუნია, დელეგაციის წევრებთან ერთად, ნატოს სამხედრო პოლიციის სრულყოფის ცენტრს ესტუმრა. ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა გრეგორჟ ვასილევსკიმ ქართულ მხარეს ქვედანაყოფის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საქართველოს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ცენტრში გაწევრიანების შესაძლებლობები განიხილა.
ქართული დელეგაცია მინსკ-მაზოვიეცკის სპეციალიზირებულ ქვედანაყოფშიც იმყოფებოდა. პოლონელმა კოლეგებმა სპეციალურად ქართველი სტუმრებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჩვენებელი სწავლება გამართეს. სწავლებაში მონაწილეობა გამნაღმველების, მყვინთავების, კინოლოგთა და პირადი უსაფრთხოების ჯგუფებმა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები