„კოდორის ხეობაში გარდაცვლილებსა და დასახიჩრებულებს სტატუსი უნდა მიენიჭოთ და სახელმწიფომ მათ ოჯახებს პენსია დაუნიშნოს“

ადვოკატი ლექსო კობაიძე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მებრძოლთა კავშირის – „ომი და მშვიდობის“ თავმჯდომარე ირაკლი ლომიძე კოდორის ხეობაში დაღუპული, ან დასახიჩრებული ადამიანებისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების და მათთვის პენსიის დანიშვნის თხოვნით, ხელისუფლებას მიმართავენ.
როგორც მათ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტეს, კანონის თანახმად, 1993 წლის 27 სექტემბერს ომის დასრულების შესახებ კანონის გამოცემის შემდგომ კონფლიქტის ზონაში დაღუპულებს ან დასახიჩრებულებს სტატუსი არ გააჩნიათ და არანაირი პენსია არ ენიშნებათ.
„აუცილებელია, მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა და კოდორის ხეობაში 93 წლის შემდგომ კონფლიქტის შედეგად დაღუპულებს სტატუსი მიენიჭოთ. მე რა ინფორმაციაც მაქვს, სულ რაღაც 100-150 კაცამდეა საუბარი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძოდნენ კოდორისთვის. აუცილებელია მათ პენსია დაენიშნოთ“,- განაცხადა ირაკლი ლომიძემ.
დღესვე, კოდორის ხეობაში დაღუპულებთან ერთად, მათ ყურადღება იმ ჯარისკაცებზეც გაამახვილეს, რომელთაც 2008 წელს უბრძოლველად დათმეს ხეობა. როგორც ადვოკატმა ლექსო კობაიძემ განმარტა, ჯარისკაცებმა კოდორის დატოვების უკანონო ბრძანება შეასრულეს. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კანონი უკანონო ბრძანების შესახებ, აუცილებელია, რომ მასში დეტალურად გაიწეროს, თუ რა ბრძანებას არ შეიძლება, რომ დამორჩილდეს ჯარისკაცი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები