“ლარის გამყარებას ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა განცხადებამ დროზე მოუსწრო“

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეთანხმება.

ამასთან, ჯავახიშვილი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ლარის კურსის გამყარებაზე სწორედ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ იმოქმედა.

“ჩვენ შეგვიძლია დეტალებში ჩავუღრმავდეთ, ბევრ რამეზე გავაკეთოთ “მინიშნება”, რადგან უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დავარღვევთ. რბილ ტონში შეფასება აღარ შეიძლება, როცა, პრაქტიკულად, 3 ნოემბრიდან დაიწყო ლარის კურსის ინტენსიური ვარდნა და ამ ხნის განმავლობაში 51 პუნქტით დაეცა, რაც დაახლოებით 29 %-ია. ეს, პრინციპში, კატასტროფის ტოლფასია. ვფიქრობ, ლარის გამყარებას ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა განცხადებამ დროზე მოუსწრო. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

“ქართუ ბანკის” ყოფილი პრეზიდენტის აზრითაც, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი შეცდომა ისაა, რომ რეზერვები დროულად არ გამოიყენა. მისი თქმით, 3 ნოემბერს დაიწყო კურსის ვარდნა, ეროვნული ბანკი კი პირველად 25 ნოემბერს ჩაერია და 40 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად.

“მორიგი ჩარევა იყო დეკემბერში და ამის მერე თებერვლამდე აღარ ჩარეულა. 25 ნოემბერს რომ დაელოდა, სანამ პანიკა არ შეიქმნა, გარწმუნებთ, ეს რომ 4-5 ნოემბერს გაეკეთებინა, შესაძლოა კურსის დაჭერას 5 და 10 მილიონი დოლარი ყოფნოდა”, – აღნიშნა ჯავახიშვილმა “პალიტრა ტვ”-ის გადაცემა “რეზიუმეში” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები