შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ პასუხობს
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 24 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება.
როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციის მიერ მოკვლეული მასალა არასრულად ასახავს ფაქტებს და მცდარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
„სტატიაში, რომელშიც 2013-2015 წლებში, სახელმწიფოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესასყიდად დახარჯული თანხაა აღწერილი, აღნიშნულია, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2014 წელს განახორციელა 1,503,347 ლარის შესყიდვა. ზემოაღნიშნული ინფორმცია არასრულად ასახავს ფაქტებს და მცდარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. კერძოდ, განვმარტავთ, რომ 2014 წლის აპრილში „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“, ტენდერის საფუძველზე, 1 439 070 ლარად შეისყიდა 2 ერთეული სააეროდრომო სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომელიც აუცილებელია აეროპორტის უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის და წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნას.
ამასთანავე, საწარმოო საჭიროებიდან გამომდინარე, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“, ასევე ტენდერის მეშვეობით, შეისყიდა აეროდრომზე თვითმფრინავის გადაადგილების რეგულირებისათვის საჭირო 1 ავტომობილი (KIA PICANTO), რომლის ღირებულებამ შეადგინა 22 384 ლარი და მორიგეობისათვის განკუთვნილი ორი ერთეული KIA RIO-ს ტიპის ავტომობილი, რომელთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 46 078 ლარი.
საერთო ჯამში, 2014 წელს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ შეისყიდა 1 507 532 ლარის ღირებულების სპეციალური ავტოტექნიკა და ავტოსატრანსპორტო საშუალება“, – აღნიშნულია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა, ჯამში, დაახლოებით 147 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეიძინეს. 2013 წელს განხორციელებული შესყიდვების ღირებულება 2014 წლის შესყიდვებს დაახლოებით 9 მლნ. ლარით აღემატებოდა, 2015 წლის პირველ ორ თვეში კი, ჯამში, დაახლოებით 5.2 მლნ. შეადგინა. ამავე დოკუმენტში ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, ტენდერების გზით შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. სადაც საუბარია რომ, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ 1 503 347 ლარის შესყიდვა განახორციელა.