“2013-2014 წლებში სახელმწიფო უწყებების მიერ სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებაზე გაწეული ხარჯი 20 მილიონ ლარს აღემატება“

2013-2014 წლებში სახელმწიფო უწყებების მიერ სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებაზე გაწეული ხარჯი 20 მილიონ ლარს აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013-2014 წლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა სხვადასხვა უწყებამ ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით მთლიანობაში 10.6 მლნ ლარამდე დახარჯა სასტუმროს მომსახურებაზე, ხოლო 9.7 მლნ ლარამდე – სარესტორნო მომსახურებაზე.

“ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი სირთულეების ფონზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გასულ კვირას ე.წ. “ქამრების შემოჭერა” – კერძოდ, ადმინისტრაციული ხარჯების 12%-ით შემცირება – დააანონსეს. ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მიმართულება, სადაც სახელმწიფოს გარკვეული თანხების დაზოგვა შეუძლია, არის სარესტორნო და სასტუმრო მომსახურება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შეისწავლა ინფორმაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ 2013-2014 წლებში სასტუმრო მომსახურებისა და სარესტორნო შესყიდვების შესახებ.

2013-2014 წლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა სხვადასხვა უწყებებმა ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით მთლიანობაში 10.6 მლნ ლარამდე დახარჯეს სასტუმროს მომსახურებაზე, ხოლო 9.7 მლნ ლარამდე – სარესტორნო მომსახურებაზე. ორი წლის განმავლობაში სასტუმროს მომსახურების მხრივ ყველაზე დიდი დანახარჯი (ჯამში, ტენდერის და გამარტივებული შესყიდვების გზით) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა (2 მლნ ლარი) გასწია. ამ მხრივ მეორე ადგილზე ქალაქ თბილისის მერია (1.1 მლნ ლარი), ხოლო მესამეზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (520,000 ლარი) გავიდა. ამავე პერიოდში სარესტორნო მომსახურების მხრივ ყველაზე დიდი დანახარჯი (ჯამში ტენდერის და გამარტივებული შესყიდვების გზით) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (750,000 ლარი) გასწია. დანახარჯის დონით მეორე ადგილზე მთავრობის კანცელარიაა (450,000 ლარი), ხოლო მესამეზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (350,000 ლარი).

აღსანიშნავია, რომ 2013-2014 წლებში სახელმწიფო უწყებები სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების შესყიდვისას უპირატესობას გამარტივებული წესით შესყიდვას ანიჭებდნენ. ასე, მაგალითად, გამარტივებული წესით შესყიდული მომსახურება სარესტორნო მომსახურების (8.4 მლნ ლარი) შემთხვევაში 6-ჯერ აღემატება ტენდერით შესყიდულ მომსახურებას (1.4 მლნ ლარი), ხოლო სასტუმრო მომსახურების შემთხვევაში პირდაპირი შესყიდვით (6.1 მლნ ლარი) თითქმის ერთნახევარჯერ (1,3-ჯერ) მეტია დახარჯული ტენდერის გზით განხორციელებულ შესყიდვასთან (4.6 მლნ ლარი) შედარებით”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013-2014 წლებში მხოლოდ ტენდერების გზით სახელმწიფო უწყებებმა ჯამში დაახლოებით 4.6 მლნ ლარი გადაიხადეს სასტუმროს მომსახურებაში, ხოლო სარესტორნო სერვისში – 1.4 მლნ ლარი.
“სასტუმროს მომსახურებაში სახელმწიფო უწყებების ტენდერების მეშვეობით გაწეული თანხები დაახლოებით თანაბრად გადანაწილდა 2013 (2.4 მლნ ლარი) და 2014 (2.2 მლნ ლარი) წლებზე. ორი წლის განმავლობაში სასტუმროს მომსახურების კუთხით ყველაზე დიდი დანახარჯი ეკუთვნის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელმაც 2013 და 2014 წლებში, შესაბამისად, 870,149 და 1.1 მლნ ლარი გადაიხადა. ამ უწყების ორი ყველაზე მსხვილი შესყიდვა (142,229 და 115,785 ლარი) ემსახურებოდა ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული და ინგლისური ენებისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნების შესწავლას. შესყიდვის ხარჯებით რიგით მეორე ქალაქი თბილისის მერიაა, რომელმაც გასულ ორ წელიწადში საშუალოდ 540,000 ლარი გადაიხადა სასტუმროს მომსახურებაში. სამეულში შედის ასევე საფეხბურთო გუნდი ლანჩხუთის „გურია“, რომელმაც სასტუმროს მომსახურებაში 2014 წელს 208,982 ლარი, 2013 წელს კი – 23,000 ლარი დახარჯა“,-აღნიშნავენ “საერთაშორისო გამჭვირვალობაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები