ზურაბ ჯორბენაძე: ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა თანამდებობებზე “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები დატოვა
ადვოკატ ზურაბ ჯორბენაძის თქმით, ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა მნიშვნელოვან რგოლებზე საკადრო ცვლილებები არ განახორციელა. როგორც ადვოკატი გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, მას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად „ნაციონალებმა“ „შავი ფული“ შემოიტანეს. მისივე თქმით, სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა შს ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ის სკანდალური განცხადება, სადაც ყოფილი მინისტრი შემოდგომის არეულობაზე საუბრობდა.
“ნაციონალების” „შავი ფული“ არეულობის მოსაწყობად სამი არხიდან შემოდის. ეს დაიწყო დაახლოებით 1 წლის წინათ, თუმცა გააქტიურდა გასული შემოდგომაზე და პიკს მიაღწია ბოლო 2 თვეში. იყო მაღალი დონის ინფორმაცია, რომელიც ახალი ხელისუფლებისთვის უნდა მიმეწოდებინა. ჩემი მიტანილი ინფორმაცია სწრაფად გასკდა და”ნაციონალური მოძრაობის” ძალიან მაღალი ეშელონებიდან გამოჟონა ამბავმა, რომ ჩემი მიტანილი ინფორმაციის თაობაზე უკვე იცოდნენ… შემდეგ ჭიკაიძემ რომ ისაუბრა შემოდგომაზე მოსალოდნელ არეულობაზე, ის ინფორმაცია იყო… ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა მნიშვნელოვან რგოლებზე საკადრო ცვლილებები არ განახორციელა, თანამდებობებზე დატოვა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები და სასამართლოს და პროკურატურას აპატია ყველაფერი”, – აცხადებს ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე.მისი თქმით, ე.წ. შავი ფული საქართველოში, ძირითადად, უკრაინელების ხელით, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოდის.
“გზები, რომლითაც ეს ფული შემოდიოდა და დღესაც შემოდის, არის აბსოლუტურად უკონტროლო. სამი გზიდან შემოდის. ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურად შემოდის უკრაინელების ხელით, შემოდის თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. პატარა ფულზე კი არ არის ლაპარაკი, საუბარია 200-დან 400 მილიონ დოლარამდე თანხაზე. წესით, საზღვარზე ნებისმიერი მოქალაქე დეკლარაციაში ასახავს, რა თანხა შემოაქვს, თუმცა არსებობს არხები, რითაც შემოდის არადეკლარირებული ფული. ამ ფულის გაკონტროლების ვალდებულება აქვს ფინანსურ პოლიციას, საბაჟო სამსახურს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურებს. ესენი კი ის სამსახურებია, რომლებიც “ნაციონალებით” არის დაკომპლექტებული. ისინი თვალს ხუჭავენ და ფულიც შემოდის. ხოლო ისინი, ვისაც შემოაქვს, სხვადასხვა კატეგორიებია, უკრაინიდან შემოტანა ხდება ტურისტების მეშვეობით – ესენი არიან უკრაინაში “ნაციონალებთან” დაახლოებული პირები, რომლებიც თითქოს ტურისტული მიზნით ჩამოდიან. თურქეთიდან ამას ორგანიზაციას უკეთებდა ახალაიების “სასტავი”, ხოლო აზერბაიჯანიდან თითქმის ყველა მაღალი ჩინის ხალხი მიშასთან დაახლოებული პირია, საერთო ბიზნეს-ინტერესები აქვთ და რა პრობლემაა?!”, – აღნიშნავს ზურაბ ჯორბენაძე გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში.