საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საერთაშორისო სწავლება მიმდინარეობს (ვიდეო)
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საერთაშორისო სწავლება მიმდინარეობს. ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში, სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსს, ქართველ სამხედროებთან ერთად, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების: ლიტვის, ლატვიის, პორტუგალიის, პოლონეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვის 25 სამხედრო მოსამსახურე გადის. სამთო მომზადების მიმდინარეობას დღეს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე პირადად გაეცნო. გენერალ-მაიორი სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა და სამთო კურსის წარმატებით დამთავრება უსურვა. საბაზისო ზამთრის კურსის პირველ ეტაპზე საჩხერის სამთო სკოლის ინსტრუქტორები მსმენელებს თხილამურებზე სრიალს შეასწავლიან.
უცხოელი სამხედრო მოსამსახურეები ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებსაც გაეცნობიან. კურსის ფარგლებში მათ თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. ”იგლუს” მოწყობა მოუწევთ. სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსის განმავლობაში სამხედროები ტაქტიკურ მარშებსაც განახორციელებენ. სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი გუდაურში 21 თებერვალს დაიწყო და 13 მარტს დასრულდება.