მერიის თანამდებობის პირზე ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა (ვიდეო)

გეგი ნიჟარაძის მონაწილეობით, ფარული ჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერში საუბარია იმაზე, რომ გეგი ნიჟარაძე და მისი უკვე ყოფილი მოადგილე დავით მედულაშვილი მერიის თანამშრომელზე ზეწოლას ახორციელებენ.
აუდიოჩანაწერი ორგანიზაცია „მედიატორმა“ გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი – გეგი ნიჟარაძე და უკვე ყოფილი მოადგილე დავით მედულაშვილი ერთ – ერთ თანამშრომელს სთხოვენ თანამდებობის დატოვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ბრძანების საფუძველზე გათავისუფლებით ემუქრებიან. ეს ადამიანი მერიაში 2010 წლიდან მუშაობს და სამი დღის წინ, მართლაც, ბრძანების საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს. არასამთავრობო ორგანიზაციები გეგი ნიჟარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვენ.
გეგი ნიჟარაძე: ნებით წახვალ თუ ბრძანებით?
თანამშრომელი: ჩემი ნებით არ მივდივარ, ბატონო, თუ გამიშვებთ, გამიშვით, მე არ მივდივარ. ჩემით განცხადებას არ დავწერ.
გეგი ნიჟარაძე: ესე იგი, ბრძანებით წახვალ.
თანამშრომელი: ჩემი ნებით არ წავალ, განცხადებას არ ვწერ. ჩემი ნებით არ წავალ.
გეგი ნიჟარაძე: გურამ, ბრძანებით წახვალ?
დავით მედულაშვილი: 30 -დღიანი ვადა აქვს გასაჩივრებას სასამართლოში. თბილისის ადვოკატი ზის ქვევით და შეგიძლია დაიხმარო უფასოდ.
თანამშრომელი: ვიცი.
დავით მედულაშვილი: პოლიციაში ნამუშევარი კაცი ხარ, შენ ეგ არ შეგეშლება. ვიღაცები მოვიდნენ აქა და ცრემლები ჩამოუშვეს, შენ კაცურად მოხვედი.
თანამშრომელი: რატომ უნდა ჩამომეშვა ცრემლები. 23 წლის ვარ. დავით მედულაშვილი: შე, კაი კაცო, შენი ასაკი მქონდეს და მაგის დედა ვატირე ….
ფარული ჩანაწერი თავად მერიის თანამშრომელმა გააკეთა, რომელიც საკუთარი ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს სამართალდამცავებს გადასცემენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები