ავღანეთში IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედროებს მოსწავლეებმა წერილები გაუგზავნეს

ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს მოსწავლეებმა წერილები გაუგზავნეს.
ქართველმა სამხედროებმა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლის მოსწავლეების სახელით, ორასამდე წერილი მიიღეს. საერთაშორისო მისიაში მონაწილე ჯარისკაცებმა თბილი წერილებისთვის პატარა მეგობრებს მადლობა გადაუხადეს და საპასუხო წერილების გამოგზავნას დაჰპირდნენ.
საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს წერილებს პერიოდულად წერენ. პროექტის მიზანი, სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა. ქართველი სამხედროები, ავღანეთის ჩრდილოეთით მაზარ-ი-შარიფში მდებარე სამხედრო ბაზა “მარმალზე” სამშვიდობო მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებენ. ქართულმა ასეულმა, როტაციის წესით, ერთ-ერთი გერმანული დანაყოფი ჩაანაცვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები