ავღანეთში 51-ე ბატალიონის ამერიკული მეთაურობა შეიცვალა
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი ტაქტიკური დაჯგუფება „სოლიდის“ დაქვემდებარებაში გადადის – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ცერემონიას, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და კოალიციური ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, 51-ე ბატალიონის მეთაურობაც დაესწრო. ღონისძიებაზე ტაქტიკური დაჯგუფებების ძველმა და ახალმა მეთაურობამ დანაყოფების საბრძოლო დროშები გაცვალა. აშშ-ის არმიის მეორე დივიზიის მესამე კავალერიული პოლკის ტაქტიკური დაჯგუფება „სეიბერის“ ნაცვლად ბაზა ბაგრამის მიმდებარე ოპერაციის ზონის მართვასა და კონტროლზე პასუხისმგებლობა 21-ე საინჟინრო ბატალიონის ტაქტიკურმა დაჯგუფება „სოლიდმა“ სრულად გადაიბარა.
ტაქტიკური დაჯგუფება „სეიბერის“ მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მაიკლ ჯეიმსი ვიცე-პოლკოვნიკმა ზაქარი მილერმა ჩაანაცვლა.