მინდია ჯანელიძე ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის დელეგაცია იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ძალთა დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელს ფრენკ ბოლანდსა და ამავე დირექტორატის ოფიცერს გუსტავ ვროემენს უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროში ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები გოჩა რატიანი და ლევან ღირსიაშვილი, ასევე უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
შეხვედრის მთავარი თემა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო. ხაზი გაესვა პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების თვალსაზრისით ქართული მხარის აქტიურობას და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესს. მხარეებმა ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფისა და მრჩევლების საქართველოში მოვლინებაზე, არსებული შესაძლებლობების ნატო-ს მხრიდან პირველადი შეფასების განხორციელებასა და თითოეული პროექტის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს.
ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოხატა უახლოეს მომავალში ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლოს და ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენლებს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების განხორციელების ხედვები გააცნო.
თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
“შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებაში იყო ინტერესი, თუ სად განთავსდებოდა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. კონკრეტულ საკითხებზე ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას უმოკლეს ვადებში მივიღებთ. გაგრძელდება კონსულტაციები არსებითი პაკეტის სხვა ინიციატივების განხორციელებასთან დაკავშირებით. ასევე, ნატოსთან შეთანხმებით, ახლო მომავალში იგეგმება შემფასებელთა ჯგუფების ჩამოსვლა. იმპლემენტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს აქტივობა შევინარჩუნოთ”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
საქართველოში ვიზიტის შედეგები შეაჯამა ნატო-ს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ძალთა დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელმა ფრენკ ბოლანდმა.
“ჩვენი ვიზიტის მიზანი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის განხილვაა. შევხვდით თავდაცვის მინისტრს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელ პირებთან, ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებსა და თავდაცვის ატაშეებთან. ხვალ არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ სხვადასხვა პროექტს კიდევ უფრო დეტალურად განვიხილავთ. ამ ეტაპზე ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ. როგორც უკვე მინისტრთან საუბრისას აღვნიშნე, პროცესი, სირთულის მიუხედავად, უფრო ეფექტურად წარიმართა, ვიდრე წარმოვიდგენდით. ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, თუ როგორ აქტიურად ეხმარებიან საქართველოს მოკავშირე ქვეყნები და არსებითი პაკეტის განხორციელებისთვის ყველა რესურსს იყენებენ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და ადმინისტრაციული საკითხი მოსაგვარებელი. ვიმედოვნებთ, რომ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის გზაზე მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწევთ”, – განაცხადა ფრენკ ბოლანდმა.
ფრენკ ბოლანდი, თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ძალთა დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელის რანგში, საქართველოს ბოლოჯერ ეწვია.
უახლოეს მომავალში ის ნატო-ს საერთაშორისო სამსახურში დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. შეხვედრის დასასრულს, მინდია ჯანელიძემ ფრენკ ბოლანდი საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, “გენერალ კვინიტაძის” მედლით დააჯილდოვა.
ვიზიტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან, ასევე არსებითი პაკეტით გათვალისწინებული კონკრეტული მიმართულებებისა და პროექტების ლიდერებთან.