ივანიშვილი ქუცნაშვილ-საგანელიძის “გაუგებრობას” გამოეხმაურა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით უმრავლესობის შიგნით გამოთქმულ აზრის სხვადასხვაობას გამოეხმაურა.
ექსპრემიერი ფიქრობს, რომ ყველა დეპუტატს აქვს ვალდებულება, გუნდის პოზიცია გაითვალისწინოს, იმავდროულად, მათ აქვთ უფლება, გუნდს არ დაემორჩილონ და საკუთარი ინიციატივით იმოქმედონ.
ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ჯამში, პრეზიდენტმა პროცესი ისევ არასწორად წაიყვანა და ქვიდან წვენის გამოდენას ცდილობს.
“ამ შემთხვევაში პატარა გაუგებრობა მოხდა – საგანელიძემ ეს საკითხები საბჭოს (“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო) შეუთანხმა, თუმცა, მგონი, გია ვოლსკიმ ფრაქციისთვის ამის ახსნა დროულად ვერ მოახერხა. ყველა დეპუტატს აქვს ვალდებულება, გუნდის პოზიცია გაითვალისწინოს, იმავდროულად, მათ აქვთ უფლება, გუნდს არ დაემორჩილონ და საკუთარი ინიციატივით იმოქმედონ. ჯამში, პრეზიდენტმა პროცესი ისევ არასწორად წაიყვანა და ქვიდან წვენის გამოდენას ცდილობს.
ნაცვლად იმისა, რომ საკითხი პროფესიონალურად გადაწყვეტილიყო და საქმე ეკეთებინა, ეს თემა ერთ დიდ აჟიოტაჟად გადააქცია“,- განაცხადა ექსპრემიერმა. კითხვაზე, თუ რომელი კანდიდატისკენ იხრება ბიძინა ივანიშვილის სიმპათია – ექსპრემიერი აცხადებს, რომ საკითხში პრინციპულად არ ერევა და არც ჩაერევა.
“ისე, ერთს ვიტყვი, დემოკრატიულობა კარგია, მაგრამ გუნდს გუნდურობა უნდა ემჩნეოდეს და პროცესი ქაოსში არ უნდა გადაიზარდოს. დემოკრატიულობაზე მეტად იგრძნობა, რომ გუნდში არაორგანიზებულობა და შეუთანხმებლობაა, მაგრამ ეს ჩვენი წუხილის ძირითადი საგანი არ არის“,- აღნიშნავს ექსპრემიერი.