ბიძინა ივანიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ არის ეჭვი – ქვეყნის პრემიერი მოკლულია

მოლოდინიც მაქვს და სურვილიც, რომ ჟვანიას საქმე გაიხსნას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ექსპრემიერი აცხადებს, პროკურატურისა და მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ არის ეჭვი – ქვეყნის პრემიერი მოკლულია.
მისივე თქმით, ეჭვის საფუძველს იძლევა “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა და თუნდაც ის, რაც ხდებოდა ვაზაგაშვილების საქმეში. “მოლოდინიც მაქვს და სურვილიც, რომ ჟვანიას საქმე გაიხსნას. ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. პროკურატურისა და მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ არის ეჭვი – ქვეყნის პრემიერი მოკლულია. ეჭვის საფუძველს იძლევა “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა და თუნდაც ის, რაც ხდებოდა ვაზაგაშვილების საქმეში. ეს ეჭვი ან უნდა დამტკიცდეს, ან გაქარწყლდეს. პროკურატურის კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი ამაღლდა და მას ხელეწიფება, ჟვანიას საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ეს აჟიოტაჟი, რაც მიმდინარეობს “რუსთავი 2”-ზე, შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ზოგიერთი ძალიან შეშფოთდა. აქცენტების გადატანა სურთ. წინა პლანზე წამოსწიეს სექსუალური ორიენტაციის თემა (რაც მიუღებელია), არადა, თავად ამბობენ, რომ სუპერლიბერალები არიან. ამას აკეთებს “რუსთავი 2”, რომელიც, სინამდვილეში, აგიტაციის მანქანაა და ღმერთმა მოახმაროს “ნაციონალურ მოძრაობას”. ამ მიმართულებით წაიყვანეს საკითხი, რაც დამატებით ეჭვებს და კითხვებს აჩენს, რამდენად სცემს პატივს “ნაციონალური მოძრაობა” ადამიანის უფლებებს (“რუსთავი 2” “ნაციონალების” ნაწილად მიმაჩნია). აქვე ხაზს ვუსვამ – არანაირი პრეტენზია არა მაქვს “რუსთავი 2”-თან, რაც უნდა, ის ულაპარაკია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია “წავიკითხოთ” მათი ქმედებები. აქცენტებს თავიანთ გამომძიებლებისა და ექსპერტების ქმედებებზე კი არ აკეთებენ, არამედ „ეფ-ბი-აის“ დასკვნაზე. მე მგონია, ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით იგივე სიტუაცია შეიქმნა, როგორიც იყო ვაზაგაშვილის საქმეზე. ვაზაგაშვილთან დაკავშირებით იგრძნეს, რომ ვერ გადარჩებოდნენ და ახალი უბედურება ჩაიდინეს. ჟვანიას საქმის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით, ერთი მხრივ, ცდილობენ ვაზაგაშვილის საქმის გადაფარვას, მეორე მხრივ კი შეშფოთებული არიან – ეშინიათ, ჟვანიას საქმის გამოძიებაც მსგავსად არ დასრულდეს. ეს კი საზოგადოებაში აღრმავებს იმ ეჭვებს, რომ ჟვანია მოკლეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ექსპრემიერს თქმით, მას აქვს დიდი იმედი, რომ პროკურატურა დამკვეთზე გავა.
“ძალიან დიდი იმედი მაქვს. ვინ შეიძლება იყოს ეს პირი?! როგორც “ვერის უბნის მელოდიებშია”,–ამ უბანში ვინ შეიძლება ქურქის მყიდველი იყოსო. თუმცა, მეტს ვერ ვიტყვი. პატივი უნდა ვცეთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მიუხედავად იმისა, იმსახურებს თუ არა პატივისცემას “ნაციონალური მოძრაობა” და მათი ლიდერები“,- აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები