ბიძინა ივანიშვილი: თუ მერიაში ტრაგიკული საკადრო შეცდომებია, ნარმანიას მიმართ კითხვები დაისმება

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას დაკავების ფაქტი შეფასა.
ივანიშვილის თქმით, თუ მერიაში ტრაგიკული საკადრო შეცდომებია და ეს კონვეიერის სახეს მიიღებს, ნარმანიას მიმართ კითხვები დაისმება.
მისივე თქმით, ცუდია, რაც მერიაში მოხდა, მაგრამ კარგია, რომ გამოამჟღავნეს.
“სამწუხაროა, რაც მოხდა. მეორე მხრივ, კარგია, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს ასეთ ფაქტებზე შესაბამისი რეაქცია აქვს. საზოგადოდ, საკადრო პოლიტიკა მარტივი არ არის. ზოგჯერ, როცა გგონია, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთე, ის მცდარი აღმოჩნდება. არა მგონია, ნარმანიამ საკადრო კუთხით რაღაც საოცარი შეცდომები დაუშვა. საერთოდ, ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საქართველოში, კადრების საკითხი პრობლემურია, რადგან თავად კადრების კვალიფიკაციის საკითხია პრობლემურია. საჯარო მოხელეების შერჩევა არ არის მარტივი. ვიმეორებ, ცუდია, რაც მერიაში მოხდა, მაგრამ კარგია, რომ გამოამჟღავნეს. თუ მერიაში ტრაგიკული საკადრო შეცდომებია და ეს რაღაც კონვეიერის სახეს მიიღებს, ნარმანიას მიმართ კითხვები დაისმება. თუმცა, ეს პირველი ფაქტია და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე შეფასებით, დღევანდელ ხელისუფლებაში კორუფციული სისტემა არ არსებობს. ყოფილ პრემიერს ნარმანიას პატიოსნებაში ეჭვი არ ეპარება.
“ეს არ არის სისტემური და დღევანდელ ხელისუფლებაში კორუფციული სისტემა არ არსებობს. ნარმანიას პატიოსნებაში კი, ეჭვი არ მეპარება. სისტემური კორუფციის მაგალითს თქვენ ვერ ნახავთ. ამაში ჩემი წვლილიცაა, რადგან პრემიერობისას, ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, არანაირი კორუფცია არ უნდა ყოფილიყო. ღარიბაშვილიც ამ პოზიციაზეა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ “დღეს საქართველოს ძალიან ღირსეული პრემიერი ჰყავს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები