“არ შეიძლება, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” დროს პოლიციაში მუშაობდა, ყველაზე უარი ვთქვათ”

საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის თქმით, იური ვაზაგაშვილმა იცოდა, რა ხდებოდა პროკურატურაში, კმაყოფილი იყო ამ უწყების მუშაობით, ენდობოდა მას, გახარებული იყო, რომ მისი შვილის საქმე, ფაქტობრივად, დასრულდა და ახალი მოწმეები გაჩნდნენ უკრაინიდან.
ამის შესახებ ივანიშვილმა “კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს მართლაც შემზარავი ტრაგედია იყო, ასევე, ეს იყო გამოწვევა როგორც პროკურატურის, ისე მთავრობისთვის.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის საქმეში პროკურატურის ოპერატიულობა მისასალმებელია.
ამასთან, ექსპრემიერი ფიქრობს, რომ აღნიშნულ საქმის ირგვლივ ზოგიერთი პოლიტიკოსი უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს. “ეს მართლაც შემზარავი ტრაგედია იყო. ასევე, ეს იყო გამოწვევა როგორც პროკურატურის, ისე მთავრობისთვის. კარგია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა გაიხსნა და დააკავეს სავარაუდო შემსრულებელი. რაც შეეხება დამკვეთს, დაველოდოთ გამოძიებას. იური ვაზაგაშვილთან შეხვედრა ნამდვილად მქონდა და მომდევნო დღეებში კიდევ ერთ შეხვედრას ვგეგმავდით. ძალიან განვიცდი, რაც მოხდა. იური ვაზაგაშვილი მებრძოლი კაცი და მამა იყო, მან დიდი წვლილი შეიტანა იმ ცვლილებებში, რაც საქართველოში მოხდა 2012 წელს. აქვე ვიტყვი, რომ პროკურატურის ოპერატიულობა მისასალმებელია. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო დამკვეთია და დაველოდოთ გამოძიებას. ზოგიერთი პოლიტიკოსი უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს. ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ისიც კი განაცხადა, ნაციონალური ტრაგედიაა, რომ პოლიციელი დააკავესო. ვერც ერთ განვითარებულ ქვეყანას ვერ ნახავთ, სადაც პოლიციელს მძიმე დანაშაული არ ჰქონდეს ჩადენილი, გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. თუმცა, ზოგი პოლიტიკოსი სულ სხვა აქცენტებს აკეთებს, იმის ნაცვლად, რომ პროკურატურის საქმიანობაში პოზიტივი დაინახოს.
კითხვაზე: საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია იმან, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დააკავეს მოქმედი პოლიციელი სოსანაშვილი. ჩნდება კითხვა: კიდევ რამდენი “სოსანაშვილი” შეიძლება იყოს სამართალდამცავ უწყებებში? თქვენ ეს პრობლემად არ მიგაჩნიათ? – ივანიშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხს თავადაც განიცდის.
“როგორც საზოგადოება, ისე მეც განვიცდი ამას. ამ საკითხს პროკურატურა და შსს-ც აცნობიერებენ და ყველაფერს აკეთებენ. ის, რაც გაკეთდა ბოლო ორ წელიწადში, პოზიტიურად მიმაჩნია. იყო შეცდომები და ეს მომავალშიც იქნება – შეცდომების გარეშე მუშაობა შეუძლებელია. შემაშფოთებელია, რომ დააკავეს მოქმედი პოლიციელი და არის იმის ალბათობა, კიდევ იყვნენ დარჩენილი “ძველებურად აღზრდილი” პოლიციელები. ვგულისხმობ “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერას, რომელმაც პოლიცია დამსჯელ რაზმებად გადააქცია და თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებდა. ერთი რამეცაა – არ შეიძლება, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” დროს პოლიციაში მუშაობდა, ყველაზე უარი ვთქვათ. მათ შორის ბევრი პატიოსანი ადამიანია. თუმცა, ხელისუფლებამ მაქსიმალური ალღო უნდა გამოავლინოს, გამოამჟღავნოს და დაითხოვოს პოლიციიდან ის პირები, ვინც იქ არ უნდა მუშაობდნენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები