„არ ესმით, რომ ჩვენი რეფორმების გამოცდილების ექსპორტი საქართველოს პრესტიჟიც არის“
საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის დაბარების საკითხს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგა ბოკერია ეხმაურება. ბოკერია ხელისუფლებას ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებაში ადანაშაულებს.
“ხელისუფლება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რომ,მათი პირადი აბსოლუტურად არაადეკვატური, ბოღმა და პოლიტიკური ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე საქართველოს ბედი. მათ არ ესმით, რომ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლა არის საქართველოსთვის ბრძოლა და არც ის ესმით, რომ ჩევენი რეფორმების გამოცდილების ექსპორტი საქართველოს პრესტიჟიც არის”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილ ციბენკო საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის დაიბარეს, – ამის შესახებ „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, უწყებაში ვასილ ციბენკოს დაბარება მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნას უკავშირდება. ელჩი საგარეო პოლიტიკურ უწყებაში მიმდინარე კვირას არის დაბარებული.
გარდა ამისა, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება აპირებს უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან მოისმინოს განმარტებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშირებით.