გია ვოლსკი: ქუცნაშვილის წარდგენა პრეზიდენტის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება
ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრს, გია ვოლსკის მიაჩნია, რომ თუკი პრეზიდენტი უზანაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ზაქარია ქუცნაშვილს წარადგენს, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ქუცნაშვილი ამ თანამდებობაზე რომელიმე პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ არ იქნება.
როგორც ვოლსკიმ ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ფრაქციის 47-ვე წევრი თანხმდება, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ უნდა ემორჩილებოდეს ვინმეს პოლიტიკურ ნებას ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.
“ამასთან დაკავშირებით თავიდან გაკეთებული განმარტებები იყო არასწორი. ეს აზრი არ ყოფილა, რომ რომელიმე ფიგურას არ შეუძლია, თავისი კანდიდატურა დააყენოს. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას”, – განაცხადა ვოლსკიმ.