დავით ბაქრაძე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბოგდან აურესკუს შეხვდა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ მიმართულებით არსებული მექანიზმების მნიშვნელობა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე. შეხვედრაზე აღინიშნა ვიზა – ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების მხრივ საქართველოს პროგრესი და განხილული იქნა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები.
მხარეებმა, ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს და სახელმწიფო მინისტრმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასა და რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის დადებულ “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ე.წ. ხელშეკრულებით გამოწვეულ საფრთხეებზე და მის შესაძლო შედეგებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი მექანიზმის მნიშვნელობას და დავით ბაქრაძემ მისიაში რუმინეთის მონაწილეობისათვის მადლიერება გამოხატა.
თავის მხრივ, რუმინულმა მხარემ დაადასტურა მზაობა დაეხმაროს საქართველოს ევროინტეგრაციის გამოცდილების გაზიარებასა და კომუნიკაციის სტრატეგიის გაძლიერებაში.
“რუმინეთი საქართველოს ძალიან მჭიდრო პარტნიორია, ეს იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ასოცირების შეთანხმების რატიფიცერება, მათ ჰყავთ ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ევროკავშირის მონიტორთა მისიაში. მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის თვალსაზრისით. შესაბამისად, განხილულ იქნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველო განიცდის არსებით ღონისძიებათა პაკეტის, ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით, ასევე, მომავალი თანამშრომლობა და ის გამოცდილება, რომელიც საქართველომ შეიძლება გაიზიაროს რუმინეთისგან ინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები