15 თებერვლიდან ქართულ ჯარს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ მოემსახურება
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ უმთავრესი პრიორიტეტი მუშა პროცესების ეფექტური მართვა და ქართულ ჯარში კვების ხარისხის მაქსიმალურად ამაღლება იქნება – ამის შესახებ „ქართული კვების კომპანიის“ დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ ამ ცვლილებაზე. ჯარისკაცებს არ შეექმნებათ არანაირი პრობლემა, პირიქით, მათთვის უფრო გაუმჯობესდება სერვისი – ჯარისკაცი მიიღებს უფრო გაუმჯობესებულ კვების ხარისხს სერვისის, უვნებლობისა და საგემოვნებო კუთხით. 2015 წლის 14 თებერვლის ჩათვლით „ქართული კვების კომპანიას“ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული თავდაცვის სამინისტროსთან. ვინაიდან იწურება ამ ხელშეკრულების ვადა, ყველა თანამშრომელს ავტომატურად უწყდება ხელშეკრულება. „ქართული კვების კომპანიას“ არანაირი შემცირება არ განუხორციელებია, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია 300 ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, ბოლო 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა თანამშრომელთა სამუშაო პროცესზე დაკვირვება. შპს „ქართული კვების კომპანიის“ თანამშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობა შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით.
მირანდა მანჯგალაძის განმარტებით, 15 თებერვლიდან ქართულ ჯარს მოემსახურება „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ რომლის ასპროცენტიანი წილის მფლობელი იქნება სახელმწიფო. მირანდა მანჯგალაძის თქმით, ეს იქნება რებრენდინგი ბაზარზე, ეს იქნება სხვა სუბიექტი, რომელსაც აქვს თავისი ორგანიზაციული სტრუქტურა, ჩატარებული აქვს დეტალური ანალიზი იმისა, თუ რომელმა სტრუქტურულმა ერთეულმა რა ამოცანა უნდა შეასრულოს.
„ქართული კვების კომპანიის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ჩემი ძირითადი მისია გახლდათ შემესწავლა არსებული საკადრო რესურსი და გაუმჯობესებული მეთოდით, ნატოსთან მიახლოებული სტანდარტებით, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად განგვეხორციელებინა რეფორმები. ეს მოიცავს ტრეინიგებს, სწავლებას, უვნებლობის ღონისძიებებს, პერსონალის გადამზადებას როგორც დისლოცირებულ ბაზებზე, ასევე ადმინისტრაციაში. იქმნება ტრეინინგ-ცენტრი და ადამიანები უფრო მაღალი კვალიფიკაციით მოემსახურებიან ქართულ ჯარს. მოხდება ჩვენი თანამშრომლების გადამზადება, რის შედეგადაც მოიმატებს მომსახურების ხარისხი. „ქართული კვების კომპანიაში“ დასაქმებულთა რაოდენობა რჩება იგივე. რაც შეეხება „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფას, “ ეს არის ცალკე სუბიექტი, რომელსაც აქვს თავისი ინსტიტუცია, თავისი სტრატეგია და ტაქტიკა, ორგანიზაციული სტრუქტურა და დებულება, რომლის შესაბამისადაც ეს კომპანია ქართული ჯარის კვებით უზრუნველყოფას განახორციელებს“, – აღნიშნა მირანდა მანჯგალაძემ.
უახლოეს პერიოდში დაგეგმილია პრესკონფერენცია, სადაც დეტალურად მოხდება აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.