სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა „ატლანტისი“ ხორციელდება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში, ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამა „ატლანტისი” ხორციელდება.
აღნიშნული ტრენინგის მიზანია მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრის ინფორმაციით, 10 დღის მანძილზე ცენტრში ერთობლივად გადამზადდებიან როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის თანამშრომლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ წევრები.
ამავე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 9 თებერვლიდან დაიწყო პროგრამა „ატლანტისის“ თანამშრომელთა გადამზადება.
ტრენინგის მთავარი მიზანი და მნიშვნელობა მდგომარეობს შემდეგში: სწავლების დასრულების შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლები დაიწყებენ პროგრამა „ატლანტისის“ განხორციელებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; პროგრამის დასრულებამდე მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში მასთან „ატლანტისის“ პროგრამის ფარგლებში მუშაობას განაგრძობენ პრობაციის სისტემის წარმომადგენლები, ხოლო სრულად გათავისუფლების შემთხვევაში კი მსჯავრდებული „ატლანტისის“ პროგრამის გავლას სამოქალაქო სექტორში შეძლებს, სადა მასთან ცენტრში გადამზადებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმუშავებენ.
სასწავლო ცენტრში გადამზადებული პერსონალი პროგრამის განხორციელებას მიმდინარე წლის 2 მარტიდან შეუდგება.
ტრენინგს უძღვებიან არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა კლუბი „პეონის“ წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ ტრენინგი ოფიციალურად 9 თებერვალს გაიხსნა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაცია “პეონისა” და “თანადგომის”, ევროპის საბჭოს წარმომადგენლები.