N17 დაწესებულების დირექტორის დაკავების გარდა, სისხლის სამართლებრივი დევნა 7 მსჯავრდებულის მიმართ დაიწყო.
ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
“საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 1 იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულებაში გამოვლინდა სავარაუდო დანაშაული. კერძოდ, ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულთა მხრიდან ასევე მსჯავრდებულზე ძალადობის შემთხვევას.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში მოთავსებული 7 მსჯავრდებულის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და ისინი პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიეცნენ.
მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, დაკავებულია და პასუხისგებაში მიეცა N17 დაწესებულების დირექტორი. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 332-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“,- აცხადებენ სამინისტროში.