ავღანეთში 51-ე ბატალიონის ქართველი სამხედროები დაჯილდოვდნენ
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები გადასცა. სამინისტროს ცნობით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამმა სამხედრო მოსამსახურემ მედლები “სამშობლოსათვის თავდადებული” მიიღო.
ჯილდოები გადაეცათ აშშ-ს საზღვაო ქვეითების წარმომადგენლებსაც. საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ქართული ქვედანაყოფების მომზადების პროგრამის XIV როტაციის მეკავშირეთა ჯგუფის (GLT) ორმა საზღვაო ქვეითმა მედალი “გენერალი მაზნიაშვილი” მიიღო.
“მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მყოფ ქართველ სამხედრო მეთაურობასთან ერთად, დაჯილდოების ცერემონიას კოალიციური ძალების ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვაა.