საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების კურსი მიმდინარეობს (ვიდეო)

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. თავადაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში (PFP) ტარდება. მათივე ინფორმაციით, ზამთრის კურსს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 12 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, თურქეთისა და სომხეთის, ასევე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 3 და 5 სპეციალური ძალების მომავალი ინსტრუქტორი გადის. წვრთნები ორ ეტაპად დაიგეგმა. როგორც სამინისტროში განმარტავენ, თავდაპირველად კურსზე მივლინებულ სამხედრო მოსამსახურეებს აბულის სამთო პოლიგონზე, მაღალ მთაში საცეცხლე მომზადება ჩაუტარდათ. კურსის მთავარ მიზანს მაღალმთიან რელიეფზე, რთული კლიმატური პირობების დროს, საშტატო იარაღებიდან სროლის უნარ-ჩვევების დახვეწა წარმოადგენდა. სროლები ზღვის დონიდან 3000 მეტრზე სხვადასხვა მანძილზე და სხვადასხვა პოზიციიდან წარმოებდა. სწავლებას საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ზედამხედველობდნენ.
სწავლების მეორე ეტაპზე მსმენელები გუდაურში იმყოფებიან. სამხედროები მაღალ მთაში გადაადგილების, დაზარალებულის ძებნა-გადარჩენის, ტექნიკური სრიალის სწავლებებს გადიან. კურსის ფარგლებში, ისინი თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვასა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. იგლუს მოწყობასაც სწავლობენ. შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი ერთ კვირაში საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში დასრულდება. მსმენელები სწავლების წარმატებით გავლის სერტიფიკატებს მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები