ოთხი ტერაქტის ჩადენისთვის დადანაშულებული პატიმარი ალაპარაკდა
ოთხი ტერაქტის ჩადენისთვის დადანაშულებული პატიმარი ალაპარაკდა, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. გამოცემა ე.წ. კოჭოიას (მერაბ ყოლბაია) საქმეზე წერს. საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი გოგიტა არქანია იხსენებს, როგორ გაიტაცეს ის და ოთხი ტერაქტის ჩადენის აღიარება მოსთხოვეს. მისი თქმით, მას უნდა მომეწერა ხელი იმაზე, რომ მან და კოჭოიამ მოახდინეს აფეთქებები ამერიკის საელჩოსთან, „ლეიბორისტების“ ოფისთან, მუხიანში მაღაზიასთან, ტელეკომპანია ,,იმედთან” და ზუგდიდში.
,,მოგეხსენებათ, რომ ვარ აფხაზეთიდან, ერთ დღეს დამირეკა მეგის ქარდავას მოადგილემ, კოხტა კოდუამ. შევხვდით. მითხრა, გავიგე, პროფესიონალი ხარ, ვიცი, შეგიძლია აფხაზეთში გადასვლა-გადმოსვლა. ჩვენზე იმუშავე, ფულსაც მოგცემთ, მანქანასაც და ყველაფრით იქნები უზრუნველყოფილიო. უარი ვუთხარი, რადგან აფხაზეთში ჩემი მშობლები, ბიძაშვილები ცხოვრობდნენ და მათ საფრთხეს ვერ შევუქმნიდი. 2010 წლის 3 დეკემბერს დამირეკეს, მითხრეს, პოლიციიდან გირეკავთ, გადმოდი ზუგდიდში, სამსახურის თაობაზე გიბარებთო. გზაში დამაკავეს, ნარკოლოგიურში უნდა წაგიყვანოთო. წინააღმდეგობა არ გამიწევია. გზაში სამოქალაქო მანქანა დაგვეწია. იქიდან გადმოსულებმა ტომარა ჩამომაცვეს თავზე. მითხრეს თბილისში ტერაქტები მოხდა და შენ უნდა აღიარო და თანამონაწილეებად ცხადაიები უნდა დაასახელოო. თუ ასე მოიქცევი, 15 წელს მოგისჯიან და 3 წელიწადში გამოხვალო. უარი ვუთხარი. ამასობაში ხაშურში წავედით, ტყეში შემიყვანეს. იქ დამხვდნენ დათა ახალაია, ,,მასტერა”, მეგის ქარდავა. იმათაც იგივე მითხრეს. მათაც უარი ვუთხარი. სასტიკად მცემეს. ელექტროშოკიც გამოიყენეს. ორჯერ დავკარგე გონება. თბილისში რომ ჩამომიყვანეს, პოლიციის სამმართველოში აქაც მცემეს. რაღაც ნემსიც გამიკეთეს. მაინც არ ვაღიარე. ამიტომ სხვა ხერხს მიმართეს – დააკავეს ჩემი ძმა, რძალი, ლელა ხურცილავა და მისი ძმა გოჩა ხურცილავა, ჩემი მეგობარი ჯონი ნიკოლაძე და მისი მეუღლე მაია ნიკოლაძე. ამის მერე დაიწყეს ჩემი დაკითხვა მოდულში. მაძალებდნენ ჩვენებაზე ხელის მოწერას. უარი რომ ვთქვი, მაჩვენეს ჩემი რძალი რომ ჰყავდათ გამოკეტილი, როგორ იტანჯებოდა. მემუქრებოდნენ ჩემი ოჯახის წევრების ლიკვიდაციით. მერე ამიყვანეს სხვა სართულზე, იქაც მცემეს უკვე სხვებმა. ბოლოს და ბოლოს, დავთანხმდი იმ პირობით, რომ ჩემს დაკავებულ ოჯახის წევრებს გაათავისუფლებდნენ. უნდა მომეწერა ხელი იმაზე, რომ მე და კოჭოიამ მოვახდინეთ აფეთქებები ამერიკის საელჩოსთან, ლეიბორისტების ოფისთან, მუხიანში მაღაზიასთან, ტელეკომპანია ,,იმედთთან” და კიდევ ზუგდიდში. ამ ყველაფერს კი ვაკეთებდით ვიღაც რუსი ოფიცრის, ევგენი ბორისოვისა და ჩემი თანასოფლელი მუხრან ცხადაიას დავალებით. ამის მისაღწევად წამების რა ხერხს აღარ მიმართეს. მორგშიც ჩამკეტეს, მკვდართან ერთად … მაშიშვლებდნენ და ისე მაგდებგნენ მორგში“, – იხსენებს არქანია.