„ფინანსურ დაზვერვას“ კვლავაც ადეიშვილი აკონტროლებს?
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დამუშავებული ინფორმაცია არათუ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებში, არამედ კიევსა და ბუდაპეშტში იგზავნება. აღნიშნულის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ადვოკატი გიორგი ფოფხაძე საუბრობს.
„დღეს არსებული მდგომარეობით ეროვნულ ბანკსაც და აღნიშნულ სამსახურსაც კვლავაც ის ძველი კადრები ხელმძღვანელობენ, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიაში, კერძოდ, საუბარი მაქვს ბატონებზე – გიორგი ქადაგიძესა და მიხეილ რონიშვილზე…
მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ხალხი დღესაც აგრძელებს საჭირო ინფორმაციის მოპოვებას, შესაბამისი დასკვნებისა და გეგმების დასახვისათვის ბუდაპეშტსა თუ კიევში მათ გადაგზავნას და, სავარაუდოდ, პარტნიორების მხრიდან კონკრეტული შეკვეთების განხორციელებასა და ახალი დავალებების მიღებას“, – აცხადებს ფოფხაძე. როგორც გამოცემა წერს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დამუშავებული ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან იგზავნება, ვინაიდან აღნიშნულ სამსახურს დღესაც ადეიშვილის ერთგული კადრი ხელმძღვანელობს.